19 მარტივი რჩევა პროდუქტიული დღისთვის

Friday, February 3, 2017

19 მარტივი რჩევა პროდუქტიული დღისთვის

ალბათ, თქვენთვისაც ნაცნობია მდგომარეობა, როდესაც მუდმივად დაძაბული ხართ იმის გამო, რომ რაღაც გაქვთ გასაკეთებელი. 
დრო არასდროს გყოფნით და გროვდება უამრავი გადადებული საქმე „ამას მერე მივხედავ“ მიზეზით თუ გამართლებით.  
შედეგად: აურზაური სამსახურში, აურზაური სახლში და აურზაური თავში. 

იმისათვის, რომ ყველაფერი დავალაგოთ ცოტა მონდომება და ძალისხმევაა საჭირო, თუმცა კმაყოფილების და სიმსუბუქის შეგრძნება, რომელსაც  კარგად შესრულებული და დასრულებული სამუშაოს შემდეგ მიიღებთ, ამად ნამდვილად ღირს. 

ახლა კი, ყველაფერს საკუთარი ადგილი მივუჩინოთ. 
გთავაზობთ 19 მარტივ ხერხს იმისათვის, რომ დღემ პროდუქტიულად ჩაიაროს:

1. გამოყავით კონკრეტული დრო ელექტრონული ფოსტის შესამოწმებლად. 
განსაზღვრული დროის ჩარჩო დაგეხმარებათ, იმაზე მეტი დრო არ დაკარგოთ წერილებზე, ვიდრე ეს  საჭიროა. 

2. დაალაგეთ თქვენი სამუშაო გარემო.
ზედმეტი ქაღადლებისა და უწესრიგობისგან განთავისუფლება დაგეხმარებათ ფოკუსირდეთ უფრო მნიშვნელოვან ამოცანებზე. მაგიდის დალაგებით ზედმეტ სტრესს მოიშორებთ. 

3. შექმენით „შესასრულებელი საქმეების სია“. 
სანამ სამუშაო დღეს დაიწყებთ, ჩამოწერეთ იმ დღეს გასაკეთებელი საქმეები, სიის თავში უფრო მნიშვნელოვანი ამოცანები მოათავსეთ.  

4. თქვით „არა“.
თუ შეგიძლიათ ბევრის შეთავაზება და ხალხიც სწორედ ამას ელის თქვენგან, უნდა მოახერხოთ „არას“ თქმა. ეს რთულია, რადგან გინდათ დახმარება და გსურთ ზრდილობიანი იყოთ, მაგრამ ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილოთ, რისი შესრულებაც თქვენთვის პრიორიტეტულია. 

5. შეწყვიტეთ რამდენიმე საქმის ერთად კეთება.
მიეცით უფლება საკუთარ თავს, ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი საქმე გააკეთოთ. ასე დროს ნამდვილად დაზოგავთ, რადგან დავალებას ბევრად სწრაფად შეასრულებთ. 

6. ივარჯიშეთ.
როცა ვარჯიშობთ, თავს უკეთ გრძნობთ და იღებთ მეტ ენერგიას საქმიანობისთვის. იარეთ სპორტულ დარბაზში ან ირბინეთ. შედეგს მალევე შეამჩნევთ. 

7. შეისვენეთ.
დაყავით სამუშაო დრო მონაკვეთებად, მაგ.: 1  ან 1.5 საათი და შემდეგ შეისვენეთ. ასე თქვენი ენერგიულობის ხანგრძლივობა გაიზრდება. 

8. გამორთეთ ტელეფონი.
როგორი რთულიც არ უნდა იყოს, თუ გინდათ საქმე დაასრულოთ, გამორთეთ ტელეფონი. თავად დარწმუნდებით, რომ ბევრად მარტივად შეასრულებთ საქმეს. 

9. არ შეამოწმოთ ფეისბუქი (თუ ეს სამსახურს არ ეხება).
ცდუნება ყოველთვის დიდია, განსაკუთრებით მაშინ, როცა აპირებთ 1 წუთით შეამოწმოთ რაღაც და რეალურად კარგავთ 20 წუთს თვალიერებაში. იყავით მიზნების ერთგულები და მოითმინეთ სამუშაოს დასრულებამდე. 

10. პირველ რიგში  გააკეთეთ ყველაზე „საშინელი“ დავალება.
როცა ყველაზე რთულს მოიშორებთ, დარჩენილი საქმე უფრო და უფრო მარტივი გეჩვენებათ. ასე რომ, დაიწყეთ რთულით და დაასრულეთ მარტივით. 

11. ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც შედეგს იძლევა.
გადადეთ გვერდზე ყველაფერი იმის გარდა, რაც რეალურ შედეგს იძლევა. დრო კარგადაა დახარჯული, თუ ის აკეთეთ, რასაც რეალური შედეგი მოაქვს. 

12. იყოლიეთ პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორი.
ასეთი ადამიანი შეგამოწმებთ და გკითხავთ, გააკეთეთ თუ არა ის, რის გაკეთებასაც აპირებდით. თუ თქვენი პასუხი იქნება „არა“, მაშინ მოგიწევთ ყველა ღონე იხმაროთ დავალების შესასრულებლად. 

13. ნაკლებად მნიშვნელოვანი დავალებები სხვებს გადააბარეთ.
უბრალო და მარტივი დავალებები, რომლებიც დიდ დროს გართმევენ, შეგიძლიათ სხვებს გადააბაროთ. ასე მნიშვნელოვანზე კონცენტრირდებით. 

14. გამოიძინეთ.
როცა კარგად ისვენებთ, უფრო პროდუქტიული ხართ.  აქციეთ პრიორიტეტად ღამით კარგად დასვენება და ყოველდღიურად უფრო მეტი საქმის გაკეთებას შეძლებთ. 

15. შეადგინეთ საქმიანობის განრიგი კალენდარში.
გამოყავით კონკრეტული დრო ერთი საქმის შესრულებისთვის. მაგალითად, 10:00-დან 10:30-მდე მომხმარებელთან სატელეფონო საუბრისთვის. ასე ნამდვილად დაზოგავთ დროს. 

16. რთული ამოცანის შესრულების შემდეგ, დააჯილდოვეთ საკუთარი თავი.
ახლახან შეასრულეთ ყველაზე რთული და „საშინელი“ დავალება თქვენი სიიდან? მშვენიერია. დააჯილდოვეთ თქვენი თავი! წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ არ იგრძნობთ კმაყოფილებას, შეიძლება მოტივაცია დაკარგოთ და ვერ შეინარჩუნოთ მიღწეული. 

17. განსაზღვრეთ დღის საერთო მიზანი.
რა არის ამ დღის მთავარი ხედვა და მიზანი? დაიწყეთ დღე იმის განსაზღვრით, რისი მიღწევა გსურთ დღეს საბოლოო ჯამში და ეს მიზანი წაგიძღვებათ მთელი დღის განმავლობაში. 

18. დღის ბოლოს გადახედეთ თქვენს საქმიანობას.
ჩაიწერეთ დღიურში ან შეაფასეთ საკუთარი თავი 1-დან 10-მდე ყოველი დღის ბოლოს. შემდეგ ჰკითხეთ თავს, როგორ შეგიძლიათ უფრო პროდუქტიული იყოთ ხვალ.

19. იპოვეთ მიზეზი თუ რატომ აყოვნებთ.
რა არის რეალური მიზეზი, რატომაც აყოვნებთ საქმის კეთებას? ამ კითხვაზე პასუხის პოვნა დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ პრობლემა და შეასრულოთ ყველაფერი დროულად.

ასეთია რჩევები მწვრთნელებისაგან, რომლებიც ჩვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროდუქტიულობის გაზრდაზე მუშაობენ. მგონი, ღირს საკუთარ თავზე გამოვცადოთ და შევამოწმოთ ამ რჩევების ეფექტურობა. 
ვფიქრობ, თუ საკმარისად მოვინდომებთ, შედეგს აუცილებლად მივიღებთ. 


მასალა მოამზადა ლილე გიორგიძემ
წყარო: pickthebrain.com





No comments:

Post a Comment